“ალისფერი დამღა”ერთგულება და პატივისცემა

ნათანიელ ჰოთორნის რომანი, „ალისფერი დამღა“ მნიშვნელოვანი ნაწარმოებია  იმდენად, რამდენადაც იგი ამერიკული პურიტანული საზოგადოებისათვის მეტად მტკივნეულ საკითხებს ეხება და  მკაცრ ღირებულებათა სისტემაში, რომლის მიხედვითაც პურიტანები  ცხოვრობდნენ  სიახლე შემოაქვს.

რომანში აღწერილი  საზოგადოება იმ   ღირებულებათა  წიაღში ცხოვრობს, რომლის მიხედვითაც  ქალისა და მამაკაცის ფუნქციები და მოვალეობები მკაცრად არის განსაზღვრული. ამასთანავე  უნდა აღინიშნოს, რომ პურიტანიზმის მთავარი  ღერძი თავად ის საზოგადოებაა, რომლის  სამსჯავროზეც წარსდგება თითოეული ადამიანი, ვინც  ნორმიდან  მცირედით მაინც გადაუხვევს და სწორედ ეს არის  პურიტანელი ადამიანისათვის ყველაზე დიდი სასჯელიც, მან მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ის დამღა, რომელსაც   საზოგადოება არგუნებს, როგორც ნიშანს უწმინდურებისა ან/და  უღირსობისა

description

  ნათანიელ ჰოთორნის  რომანში, მთავარი გმირი ჰესტერ პრინი ჩვეულებრივი  პურიტანელი ქალია. იგი მეუღლემ გამოგზავნა ამერიკაში, თავად კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.   პურიტანულ საზოგადოებაში ითვლება, რომ  გათხოვილი ქალი ითვლება გათხოვილად მანამ, სანამ მისი მეუღლის სიკვდილი არ დადასტურდება.    ქალს, რომელიც სხვა მამაკაცთან კავშირში გამოაშკარავდება  ადიულტერს უწოდებენ და  ალისფერი დამღით  აღბეჭდავენ, რომელიც მან სირცხვილისა და ცოდვილობის ნიშნად უნდა ატაროს. 

სიუჟეტის განვითარებისას ჩვენ ვხედავთ ჰესტერ პრინს, როგორც პურიტანელ ქალს რომელმაც შეცდომა დაუშვა და  საკუთარ შეცდომას ატარებს  ერთი მხრივ როგორც დაღს და მეორე მხრივ როგორც წყალობას.  ჰესტერი არ არის პრინციპულად წინააღმდეგი იმ საზოგადოებისა, რომელშიც ცხოვრობს, ეს იქიდან ჩანს, რომ  თავის შვილს, პერლს ( რომელიც ჰესტერის ცოდვის შედეგად  მოევლინა ქვეყანას  და  ჰესტერზე  უფრო გახსნილია სიახლეების მიმართ)  ცდილობს ჩაუნერგოს ის ღირებულებათა სისტემა, რომელსაც მათ საზოგადოება სთავაზობს.

ჰესტერის გმირის ყოველ ქცევაში ჩანს, რომ იგი არ არის მეამბოხე და  დინების საწინააღმდეგოდ მცურავი ადამიანი. მისი შეცდომა  არ გამომდინარეობს პროტესტის სურვილის ან ავხორცობისაგან, ავტორი ბევრჯერ მიგვანიშნებს ამაზე.  

ის რომ  ჰესტერ პრინი  ამაყად დააბიჯებს ქალაქში თავისი ალისფერი დამღით მკერდზე, ნიშნავს რომ მას  გააზრებული აქვს თავისი დანაშაული და  პასუხისმგებლობას არ ირიდებს თავიდან. მან იცის, რომ დაიმსახურა  ეს დამღა და  სიმართლეს თვალებში უყურებს.

პერლი, როგორც  ჰესტერის შემდგომი თაობის სიმბოლო და მომავალი ქალი კიდევ უფრო  ცხადს ხდის  ჰესტერის  ჭეშმარიტ სახეს.   ავტორი ხაზგასმით ამბობს,რომ  პერლი დედას არ აკრიტიკებს ჩადენილის გამო.  მიუხედავად იმისა, რომ  თავადაც იმ საზოგადოებაში იზრდება, დედის საქციელს გაგებით ეკიდება, რაც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ სიმბოლოდ  იმ ცვლილებისა, რომელიც  პურიტანულმა საზოგადოებამ განიცადა უკვე შემდგომ.  ამასთანავე ისიც საყურადღებოა, რომ  ნათანიელ ჰოთორნი  ამბის გადმოცემისას   ხაზს უსვამს, რომ ეს ამბავი  საუკუნის წინანდელი მანუსკრიპტიდან აიღო, რაც სავარაუდოდ იმაზე მეტყველებს, რომ მას  სურს დაგვანახოს რამდენად ძველია წიგნში აღწერილი ფასეულობათა სისტემა, თანაც   ამბების, ისტორიებისა და  ადამიანების შეფასება დროის  გრძელ დისტანციაზე უფრო ადვილია.

ჰესტერი  ცდილობს პატიება დაიმსახუროს, მართალია მას, როგორც   საზოგადოებისაგან გარიყულს  ეჭვი შეაქვს  პურიტანულ ღირებულებათა აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში, მაგრამ ის მაინც პურიტანელია და  ამიტომ  თავისი ქცევით ცდილობს  საზოგადოების წიაღში ხელახლა  შეაღწიოს და  კვლავ მისი ნაწილი გახდეს, რადგან  მისთვის  ეს არის ორგანული, მიუხედავად იმისა, რომ  მან ეს ყველაფერი სიყვარულის გამო გააკეთა, რაც   კიდევ ერთხელ  იძლევა იმის საფუძველს, რომ  ჰესტერში დავინახოთ ადამიანი, რომელიც   სიყვარული და  შინაგანი იმპერატივი, რომელიც მასში ჩამოყალიბდა  ერთდროულად არსებობს.

პერლი ნაწარმოებში ახალი სიცოცხლეა, ის დედამისს არ ჰგავს და შესაბამისად თავიდანვე  გამოყოფილია  იმ მოცემულობიდან, რომელშიც ცხოვრობს, სწორედ ამით არის იგი განსხვავებული და დასტურია იმისა, რომ  ქალი შეიძლება იყოს სხვანაირიც, არა მხოლოდ ისეთი, როგორსაც პურიტანული საზოგადოება გვთავაზობს.

„ალისფერ დამღაში“ უამრავი  საჭირბოროტო თემაა განხილული, თუმცა   ამ გადმოსახედიდან,  ვფიქრობ, ნაწარმოები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, არა  მხოლოდ, როგორც    ღირებულებათა გადაფასების მაგალითი ან ლიბერალური  საზოგადოების უპირატესობა  რასაც დღეს ხშირად ვისმეთ, არამედ როგორც ამბავი არჩევანისა და ამ არჩევანზე პასუხისგებისა.   ჰესთერი  ღალატობს ქმარს თუმცა ნაწარმოების ბოლომდე არ ღალატობს საკუთარ თავს, რაც  აუცილებლად ხაზგასასმელია.  

ჰესტერის მხრიდან დიდი ძალა, თავმდაბლობა და  მოთმინება იყო საჭირო იმისათვის, რომ დარჩენილიყო იმ საზოგადოების ნაწილად, თუნდაც შინაგანად, რომელმაც იგი სამარცხვინო ბოძზე გააკრა.   

საზოგადოებას ყოველთვის აქვს თავისი სიმართლე, რომლის მიხედვითაც განსჯის და ჰესტერის გმირის საქციელში ძალიან კარგად ჩანს რომ მან ეს იცის. მეორე საკითხია შეუძლია თუ არა მას მიუხედავად იმ დამცირებისა, რომელიც მას სწორედ ამ სიმართლის სახელით მოუვლინეს  ამავე ღირებულებათა წიაღის ნაწილად დარჩეს.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.