ლობსტერი-The Lobster

MV5BNDQ1NDE5NzQ1NF5BMl5BanBnXkFtZTgwNzA5OTM2NTE@._V1_

დილის შვიდ საათზე, მთლად “ლობსტერზე”  საუბარს თუ დავიწყებდი მეთვითონაც არ მეგონა, მაგრამ რას ვიზამ. როცა პირველად  ბერძენ რეჟისორს იორღოს ლანთიმოსს შევეხე და მის ეშვზე  ვისაუბრე, მახსოვს ერთმა მკითხველმა მითხრა, რაღაცით ორუელს მაგონებსო.   თანამედროვე ჰოლივუდი სავსეა დისტოპიური ჟანრით, თუმცა არც ერთი მათი ნამუშევარი “ლობსტერის” დონისა არ არის. ახლა თავისმართლებას ნუ დამაწყებინებთ, რა ვქნა, სუბიექტური ვარ.

“ლობსტერი” მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის ამბავს, სამყაროში, სადაც მარტოხელებს სპეციალურ სასტუმროში ათავსებენ და 45 დღეში წყვილის პოვნას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ცხოველებად აქცევენ და ტყეში ტოვებენ.  ამ სამყაროში, ყველაფერს წესები არეგულირებს. ჭამას, თმის შეჭრას… არ შეიძლება ისეთი რაღაცები, როგორიც მაგალითად მასტურბაციაა.    ფილმის პირველი ნახევარი სწორედ იმ ადამიანებს ეთმობათ, ვისაც მთავარი პერსონაჟი ამ სასტუმროში შეხვდება. მათი მცდელობები, მოასწრონ და ორმოცდახუთ დღეში “დაწყვილდნენ”  ერთდროულად სასაცილო და ტრაგიკულია. აქ მიაჩნიათ, რომ  მგელი და პინგვინი, ვერასოდეს იცხოვრებენ ერთად. ეს რა თქმა უნდა ალეგორიაა, ისევე როგორც ლობსტერი, რომლადაც პროტაგონისტს გადააქცევენ, თუკი ვერ “დაწყვილდება” ორმოცდახუთ დღეში.

არსებობს  ადამიანების სხვა ჯგუფიც, მარტოხელები. რომლებიც  ერთი შეხედვით დიამეტრულად განსხვავდებიან სასტუმროს პერსონალისა და “სტუმრებისაგან” ისინი ყოველგვარ ფლირტს და სექსუალურ ლტოლვას სასტიკად სჯიან. ეს მეთოდებიც, როგორც მთელი ფილმი  კომიკურობიდან საშინელებამდე მერყეობს.  მარტოხელები დასაშვებად თვლიან მასტურბაციას თუმცა ნებისმიერი გადახვევა სხვა დადგენილი წესებისაგან საშინელ შედეგებს მოიტანს. აქ სიყვარულის გამოვლინება ისჯება.

გამოდის, რომ ჩვენ მივიღეთ ორი სისტემა, რომელთაგან ერთი აბსოლუტურ მორჩილებას მოითხოვს, მეორე კი მოჩვენებითი თავისუფლების განცდას ქმნის, მაგრამ არანაკლები კოშმარია, ვიდრე პირველი.  რა უნდა ქნა ადამიანმა, როდესაც  ორიდან ერთის არჩევა გიწევს? როდესაც მესამე გზა არ არსებობს? როცა იქ, სადაც თავისუფლებას გპირდებიან, მთელი ორიენტირი იმაზეა გადატანილი, რომ მოწინააღმდეგისგან საპირისპირო რადიკალური ძალა შექმნან.  თუ არ ეკუთვნი ერთს, ეკუთვნი მეორეს, სხვა ვარიანტი არ არსებობს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუსიკა, რომელიც ძალადობრივი სცენების ფონზე კონტრაპუნქტად ჟღერდა. ეს მუსიკა თავისთავად არ ჯდება იმ კომპოზიციაში, რომელსაც რეჟისორი გვთავაზობს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, “ლობსტერი” ფილმი- ალეგორიაა, ამიტომ  ეს კონტრაპუნქტიც ერთგვარ მინიშნებად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ გარდა იმ წესებისა და ძალადობრივი სისტემებისა, რომლებიც ფილმშია ნაჩვენები არსებობს კიდევ რაღაც.

მოგეხსენებათ, წესები რაციოს პროდუქტია. ამიტომ როდესაც საქმეში გულის ამბები ერთვება, იქ წესები უძლურია ხოლმე. სიყვარულს არ გააჩნია ლოგიკა, გამოზომილი დრო, წესი და მიმართულება. ის ისეთივე თავისთავადია, როგორც მუსიკა ამ ფილმში. ადამიანი თავისუფლებისთვის არის შექმნილი. მას არ შეუძლია რომელიმე მუდმივი კონსტრუქციის ტყვე იყოს და როგორც კი საშუალება ეძლევა, თუნდაც ისეთი უსუსური მეთოდებით, როგორიც არის სოციოპათად თავის მოჩვენება, ან ერთ-ერთი პერსონაჟის შემთხვევაში სიმპტომატიკის გაყალბება (ცხვირიდან სისხლდენა) ის მუდამ შეეცდება დადგენილ წესს გვერდი აუაროს ან უბრალოდ გადარჩეს.

თავისუფლების სახელით, შეიძლება ადამიანი ტყვეობაში აღმოჩნდეს. არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანს ეტყვის, როგორ გახდეს თავისუფალი. სისტემა თავისთავად ძალადობრივი წარმონაქმნია. თუ გინდა, რომ თავისუფალი იყო, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყო დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე  პოლუსისთვის მხოლოდდამხოლოდ დაპირისპირების იარაღი ხარ. შენზე უკეთ შენსავე თავისუფლებას ვერავინ უზრუნველყოფს.

უკვალოდ ხომ არაფერი ქრება… როდესაც ბოლო კადრში ლანთიმოსი რეალურად ღია დასასრულს გვთავაზობს, არჩევანი ასეთია: ან მივყვებით იმ ლოგიკას, რომ პერსონაჟმა საკუთარ თავისუფლებას მსხვერპლი შესწირა და რომ თავისუფლება მსხვერპლს მოითხოვს, ან რომ  სისტემის წნეხის ქვეშ გამოვლილ ადამიანს არ შეუძლია სხვანაირად იცხოვროს და საბოლოოდ მაინც მორჩილდება მას. ცხოველები ამ ფილმში თავიდანვე  წარუმატებელი ადამიანური ურთიერთობის სიმბოლოები არიან, ეს პირველივე კადრებიდან ჩანს, ოღონდ ისეთი ტიპის დისტოპია, როგორსაც ლანთიმოსი გვთავაზობს, პირადად მე მარწმუნებს, რომ როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, ამ ფილმშიც არაფერია ერთმნიშვნელოვანი.

პირადად მე თუ მენდობით და თუ გაინტერესებთ, ზღვა მაინც თავისუფლებაა. ადამიანი თუ არ კვდება, მაშინ ის ვალდებულია თავისუფალი გახდეს.  დასასრულის უკეთ გასაგებად: ლობსტერი ბრმა თევზია ❤

ტრამვაი ფეისბუქზე

One thought on “ლობსტერი-The Lobster

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.