
ზღვას მიუსაჯეს დუმილი,
მთვარეს _
ღრუბლების კატორღა,
ნაპირთან დარჩა კატარღა
და ერთადერთი კატაღა..
* * *
ტელეფონების წიგნაკში მიჭირს გვარების გადაშლა,
ვით მავანთან და მავანთან – გულის გახსნა და გადაშლა,
რომლებსაც სიცოცხლეშივე სიამოვნებით გადავშლი,
რომ ისევ არ შემიტყუონ მოშაირეთა ღადავში.
მე უნდა გადავამოწმო ანბანთა იერარხია,
რომელიც მეხსირების სასაფლაოზე მარხია.
რაც უნდა გაწონასწორდეს წლების და წლების ბალანსი,
არ იწურება ლიმიტი – დარდის და დარდუბალასი.
რაც უნდა მოვილხინო და რაც უნდა წავიგურმანო,
ხელი არ მემორჩილება, არც – გული, ჩემო მურმანო:
აბასთუმნის ტყეები,
ხუდადოვის ხედები –
ანტისამოთხეები
ანუ ჯოჯოხეთები:
დანომრილი ხეების
და დათვლილი დღეების
ტყეში მივეხეტები.
* * *
აქვს ფანტაზია ბავშვის,
ცაში დაეძებს სოროს,
სამსართულიან სახლში ,მეცხრე სართულზე ცხოვრობს.
* * *
წუთისოფლის ნახევარი კითხვის ნიშნებს დავახარჯე:
ალაგ-ალაგ ვახტანგი ვარ, ალაგ-ალაგ – ჯავახაძე.
მაფხიზლებდა, მაღვიძებდა პაპა პირღიმილიანი:
– სულ ვართ ორი მილიონი!სულ ვართ ორი მილიონი!
უღიმილო პაპის პაპამ ანდერძივით მომადევნა:
– დროზე შაში თუ არ მოვა,რა ქნას კარგმა მონარდემა?!- შაში უნდა მოიყვანოს!
– იქით შევეკამათები,ბულბულების ყეფა მიყვარს,მღერა მიყვარს კამათლების.
პირი თუ არ მოვარიდე სახიფათო სამართებელს,ქიშს არ გამომიცხადებენ, ისე დამაშამათებენ.
1993
* * *
ხმაურობენ მოედანზე ქუჩის ორატორები,მე კი ამოვიჩემე მარიამის ტოლები.
სხვებს ვერც ვამჩნევ,ასაკიც უმალ გამოვიცანი:არა ცხრის და ათისა – მხოლოდ რვის და რვისანი.
თითქოს მხრებზე ჩამომხსნეს უმძიმესი დოლაბი
:შუქნიშანზე გადავიდნენ მარიამის ტოლები.
სად არიან ბიჭები?ყურს ვინ უგდებს ყმაწვილებს?!
– მარიამის თანატოლებს თვალებს ვეღარ ვაცილებ.
ქუჩა-ქუჩა ახლა უფრო ხშირად დავიარები:
ჩემს ქუჩაზე დადიან მხოლოდ მარიამები!
1997