
“პანი” ისევე მშვიდად შემოდის მკითხველის გონებაში, როგორც ტყის სიჩუმე, რომელშიც თავისთავად ბევრი რამ იკითხება. ეს არის ცივილიზაციისაგან გაქცევის თავისთავად წარუმატებელი მცდელობა. “პანის პერსონაჟები ყოველი ურთიერთქმედებისას სულ უფრო აზიანებენ ერთმანეთს. ისინი ყოველთვის კლავენ მათ, ვინც უყვართ.
ლიტერატურათმცოდნეების ნაწილი, ჰამსუნის ამ რომანს ნეორომანტიზმის კლასიფიკაციას ანიჭებენ. ფაქტია, რომ ავტორი სათითაო სიტყვას მოზაიკასავით აწყობს, რათა ერთი მთლიანი მშვენიერი ქსოვილი შექმნას. თუ ამ ნაწარმოებს მხოლოდ როგორც სასიყვარულო რომანს ისე წაიკითხავთ, ამ შემთხვევაშიც არ დარჩებით გაწბილებული. პერსონაჟების ემოციები იმგვარადაა აღწერილი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ახდენენ მკითხვველზე საჭირო გავლენას.
სინამდვილეში, “პანი” დიდი ტრაგედიაა. ტრაგედია ადამიანისა, რომელსაც წასვლა უნდა. წასვლა სამყაროდან, რომელშიც ფარჩაჩამოფარებული ქალები და გალაკული კაცები თავს ცივილიზაციას უწოდებენ და წარმოდგენა არ აქვთ, როგორ იგრძნონ დრო და ბუნება საკუთარ თავზე. ტრაგედია იმაშია, რომ სადაც უნდა წახვიდე, ცივილიზაცია ყოველთვის მოძებნის გზას შენზე იმოქმედოს. ყოველთვის იმის ნაწილად დარჩები, რასაც გაურბიხარ. ქალები, რომლებიც გლანის ცხოვრებაში ჩნდებიან ყოველთვის ისჯებიან და გლენსაც აზიანებენ. გლენი ისეთი არ არის როგორიც სხვები და თავიდან ეს შეიძლება მომხიბვლელიც კი იყოს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ირევა ხოლმე.
ეს ნაწარმოები უფრო მეტად პოეზიას გავს, ვიდრე პროზას. ოღონდ პოეზიისგან განსხვავებით არაფერს აჭარბებს და სწორედ ამით არის განსაკუთრებული. აქ არც ლინეარული გადახვევებია არც სხვა რთული ნარატიული კონსტრუქციები, მაგრამ ყოველი სიტყვა ადამიანის ემოციაზე მოქმედებს, როგორც წყლის წვეთი ხვრეტს ქვას. ერთი ჩემი ლექტორი მეუბნებოდა, უცნაური ნიჭი გაქვს ტრაგიკული ამბების სიცილ-ხარხარით მოყოლისო.. აი, მანქანამ დამარტყა, მეხუთე სართულის კიბიდან დავგორდი… მოკლედ ესენი რა მოსატანია, მაგრამ ჰამსუნი წიგნის პირველი წინადადებიდან ბოლომდე არ ცვლის ტემპს და მაინც ძალიან მნიშვნელოვან ამბებს ყვება, რაზეც ყველას გვიფიქრია ოდესღაც, ან შეიძლება ახლაც ვფიქრობთ.
ჰო, ჰამსუნის ტექსტთან ჩემი “ნიჭის” ხსენება შეიძლება უადგილო იყო, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ მე ვიცი ეს რაც არის, მოყვე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სასიყვარულო სამკუთხედის ამბავი ისე, რომ მოახერხო და ადამიანებს უბიძგო ნაწარმოების ფსკერზე ჩამოვიდნენ, რათა შენი ნამდვილი სათქმელი გაიგონ. სამწუხაროდ მე ჯერ ვერ შევძელი სიტყვები ისე დავხატო, როგორც ამას ჰამსუნი აკეთებს, მაგრამ თუ ოდესმე შევძლებ მისი დამსახურებაც იქნება.
ნაწარმოების ბოლოს, ერთგვარი ფრუსტრაციის განცდა მქონდა, თითქოს ტალახით დამძიმებული ტანსაცმელი გავიხადე და რაღაცისგან სრულიად დავიცალე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ დასასრული პოზიტიური იყო. რაღაც როცა საბოლოოდ მთავრდება ხომ ვიცით რომ ეს მხოლოდ ახლის დასაწყისს უდრის. მე არ ვიცი ამ ტექსტის იქით როგორ განვითარდება ტომას გლენის ცხოვრება. მისტიციზმი არაფერშუაშია, უბრალოდ ვცდილობ წარმოვიდგინო როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო გლენის ამბავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ისეთი არასოდეს აღარ იქნებოდა, როგორც მაშინ იმ ტყეში.