უნივერსიტეტი დამთავრდა. იმდენად სტრესული პერიოდი იყო, ახლაც ძლივს მოვდივარ გონს. ახლაც მგონია, რომ რაღაცის გადაგზავნა დამავიწყდა, რაღაც ისე ვერ გავაკეთე და მოკლედ, ცოტა არ იყოს, ფრუსტრირებული ვარ. ეს ყველაფერი იქით იყოს.

ბოლო დროს, ცოტა იმედგაცრუებულიც ვარ. თითქოს აზრი დაკარგა იმან, რაც ამდენი წელი ვაკეთე. სანამ უნივერსიტეტი დამთავრდებოდა წიგნები მოვიმარაგე. ვიფიქრე, აი მეღირსა, რასაც მინდა იმას წავიკითხავ- მეთქი. ახლა კი, გადავშლი და თითქოს გული არ მიმდის თუ რაღაც. ათასი ფიქრით გაწამებული თავს ვანებებ კითხვას. დასვენება მართლა მჭირდება, მაგრამ იმდენად დიდი ქაოსია ყველგან, ვერსად ვერ ვიპოვე დასვენებისთვის საჭირო სიმშვიდე. აქაც რამდენჯერ შემოვედი, დავწერე, წავშალე..

მთელი ცხოვრება, ძალიან ღია ვარ სხვების აურის მიმართ. ადვილად ვგრძნობ ადამიანის განწყობას, ადამიანის დამოკიდებულებას და რაც ყველაზე უარესია, ეს ყველაფერი ხასიათში გადამდის. სახლიდანაც აღარ გავდივარ, იმდენად დაზაფრული და დაბოღმილია ხალხი ქუჩაში, ზოგჯერ მეშინია კიდეც. ასეთი რთული პერიოდი, ნამდვილად არ მქონია. ვდგავარ ამ ჩემი ნაშრომ-ნაწვალებით და ვფიქრობ, სად წავიდე? მეშინია აქ ცხოვრების. აქ სადაც ყველას ერთმანეთი სძულს. სადაც ქალებს ქალები ეზიზღებათ და კაცებს კაცები.

დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, თავდაჯერება გაკლიაო. მართალია. ქვეყანაში სადაც არავინ და არაფერია სტაბილური, რთულია რამეს დაეყრდნო. საქმეც ისაა, რომ პოლიტიკა არაფერშუაშია. მე ყოველთვის ადამიანები მეფიქრება. ჩვენ გვძულს ერთმანეთი! რა მნიშვნელობა აქვს რატომ? მიზეზებს რა დალევს.

გუშინწინ მეგობარს ვესაუბრებოდი და ისეთი რამეები მითხრა, მივხვდი. ჩვენ სისხლის მოყვარული ხალხი ვართ. ჩვენ გვინდა ვიღაცაზე ან რაღაცაზე გავიმარჯვოთ, თუნდაც ეს რაღაც ან ვიღაც ჩვენივე ნაწილი იყოს. ეს ალბათ დამარცხებულის კომპლექსისგან განსაკურნებლად გვჭირდება. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამ შიშებით შეპყრობილ სოციუმში ჩემი ადგილი არ არის.

თუკი ვინმეს ვძულდი ცხოვრებაში, თანაც ირაციონალური სიძულვილით, რატომღაც ყოველთვის ქალები იყვნენ. ამას ვერასოდეს ავხსნი. გული არასოდეს მტკივა, თუკი დამსახურებულად მაკრიტიკებენ, მაგრამ თუკი ოდესმე ვინმეს ჩემთვის გული უტკენია, ყველას ყოველთვის ვცდილობ მიზეზი მოვუძებნო, თუ მოვახერხე, ესე იგი ვიმსახურებდი და აღარ მტკივა, მაგრამ თუ არა, მაშინ სამუდამოდ მამახსოვრდება.

მე ერთი ტაქტიკა მაქვს ყველასთან. ყოველთვის პატივისცემით ვიწყებ, მერე რატომღაც უკუთვლა იწყება ხოლმე. ყველა ერთმანეთს ეჩხუბება, აი დღესაც, სანამ ამ პოსტს ვწერ, ერთ-ერთ ლიტ. ჯგუფში, მკითხველმა იკითხა, ვის რამდენჯერ გაქვთ წაკითხული “ბიძია თომას ქოხიო” და თუ ვაჭარბებდე გეფიცებით, სქრინებს ხომ არ დავდებ, ქართველი “მწერალი” ქალი პასუხობს, ვციტირებ:

მაშინაც არ უნდა წამეკითხა როცა წავიკითხე. ეგ იმ ქვეყანაში საკითხავი წიგნია, სადაც ფერადკანიანებს ბამბის პლანტაციებში ამუშავებდნენ უფასოდ. საქართველოს თავისი პრობლემები აქვს გადასაწყვეტი.

დავწერო აი ამ ღვარძლის ავტორის სახელი და გვარი თუ იმაზე ვისაუბრო, ვისაც ორი ხაზი გაუვლია, ყველას მწერალს რომ ვეძახით? მეშინია, პროფესიაზეც გული არ ამიცრუვდეს. ადრეც მქონდა ამ ქალთან კამათი და ზუსტად ვიცი, რასაც წარმოადგენს, მაგრამ მაინც გაკვირვებული ვარ. საიდან ამდენი ბოღმა. ან ასეთი არასწორი, ცალმხრივი გაგება ტექსტის. ეს კიდევ ზღვაში წვეთია იმასთან, რაც გარეთ ხდება. ჩვენ მართლა ერთმანეთს ვხოცავთ.

ამ ყველაფერს აქ რატომ ვწერ? იმიტომ, რომ ალბათ ისევ საკუთარ თავს ველაპარაკები. ისევ ვცდილობ ბოლომდე არ გადავიწურო იმედი, რომ ოდესმე, ამ სიგიჟით შეპყრობილ სამყაროში, მეც ჩემი ადგილი მექნება, თან ისე, რომ არ გავგიჟდები. ყოველთვის ვცდილობ ყველას გავუგო, მაგრამ ხანდახან იმდენად რთულია, საკუთარ თავს ვეღარ ვაიგივებ ჩემთვის ჩვეულ გარემოსთან და ეს ძალიან საშიშია.

ოდესმე ალბათ ისევ გავიღვიძებ და ენერგიით დავიტვირთები, იმავე შემართებით გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორიც აქამდე მქონდა. არ ვიცი ეს როდის იქნება და სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, მე როგორი ვიქნები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.