ყველა ამბავი მთავარი ამბავია

გამარჯობა, ყველაზე სწორი სიტყვა მგონია, დიდი ხნის განშორების შემდეგ. მომენატრა ჩემი ბლოგი?-არა. რატომ? იმიტომ რომ უცებ მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ერთი პროცენტია იმისა, ვინც სინამდვილეში ვარ. ამიტომ გადავწყვიტე წიგნებისა და კინოს გარდა, საკუთარ თავზე, ჩემ გარშემო არსებულ სამყაროზე, იმაზე რასაც ვფიქრობ და რაც მაინტერესებს უფრო მეტი და ფართოდ ვისაუბრო. ამიტომ, დღეიდან აქაურობას მთლიანად შევცვლი. ასე ვთქვათ, რემონტს გავაკეთებ. სახლში ხომ გაგიკეთებიათ ე.წ. “კაპიტალური რემონტი” ჰოდა ასე მოვიქცევი.

ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასეა. ყოველ ხუთ წელიწადში რაღაც ციკლს ვასრულებ და თითქოს ერთი სართულით თუ საფეხურით ზევით ავდივარ. ფუნდამენტურად მეცვლება ხოლმე ცხოვრება. რატომ?-არ ვიცი.

როგორც უკვე ვთქვი, ბლოგი ნამდვილად არ მომნატრებია. უბრალოდ წერის პროცესი მომენატრა ძალიან, მაგრამ აღარ მინდა წინასწარ განვსაზღვრო, მოდი ამ თემაზე ვისაუბრებ, იმაზე-არა. მე როგორც მარადიული განახლების მოყვარულს ასეთი ერთფეროვნება მკლავს.

რაზე საუბრობენ ადამიანები ჭიქა ჩაისთან ან ყავასთან? ურთიერთობებზე, ერთმანეთზე, წარსულზე, მომავალზე, სექსზე, ფიქრებზე, ფილმზეც და წიგნზეც, მნიშვნელოვანზეც და უმნიშვნელოზეც.

მგონია, რომ ყველა ამბავი, რომლებსაც ადამიანები ყვებიან, მთავარი ამბავია, იმ მომენტისთვის, იმ კონტექსტისთვის მაინც, რომელშიც ეს ამბავი მოხდა და იმ ადამიანისთვის, ვისაც გადახდა. ამიტომ ვერავინ დამაჯერებს, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც არაფერი აქვს მოსაყოლი. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, ვისაც თავმდაბლობის თუ მსმენელის არყოლის გამო (სწორი მსმენელის არყოლის გამო) თავისი ამბავი არ მიაჩნია მოსაყოლ ამბად.

რომ დაუკვირდე, მთელი ხელოვნება სწორედ ამ ამბებიდან იწყება, თუ არ არსებობს ამბავი, რაზე უნდა გადაიღო ფილმი, რა უნდა დაწერო, რა უნდა დახატო…? ამიტომ, ყველა ამბავი, თავისთავად მთავარი ამბავია, რომლიდანაც შეიძლება დაიბადოს დიდი ისტორია, ან არ დაიბადოს, მაგრამ ამასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა.

როგორც მეუბნებიან, კარგი მსმენელი ვარ, ამიტომ ხშირად მიწევს ადამიანების მოსმენა. ზოგჯერ, მიფიქრია, აი ამ ადამიანზე რამდენს მოვუყვებოდი და რამდენად საინტერესოა, არადა არ ჩანს. თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ამ თავის ცხოვრებაში ამბების დიდ კარადას ინახავს, რომელსაც უჯრები არასოდეს ელევა…

რაღაც პერიოდი, საჯაროობის შიში მქონდა. ვფიქრობდი, რა არის კარგი იმაში, რომ თავი გამოვიმწყვდიო შუშის ყუთში, რომელსაც ყველა აკვირდება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ზოგჯერ ისე შეიძლება მოგინდეს, ვინმემ მოგისმინოს, რომ აღარც ეს ყუთია პრობლემა. ზოგჯერ გინდა ვიღაცას უთხრა: “მეც ვყოფილვარ მაგ მდგომარეობაში” “ვიცი რომ გესმის ჩემი” აღმოვაჩინე, რომ დაახლოებით ერთი იმდენის შემდეგ, რამდენისაც ახლა ვარ, შეიძლება ვინანო, რომ ის ხმა, რომელიც მე მაქვს, რომელიც შეიძლება ვიღაცას დაეხმაროს ან ვიღაც დაამშვიდოს არ გამოვიყენე. თავის დროზე არ ვთქვი რაღაც და გადავიქეცი ერთ დაკარგულ ხმად, ამ დიდ ხმაურში.

სამყაროს შეცვლის ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ ვცდილობ, ვილაპარაკო იმაზე, რაც მინახავს, მიგრძნია, ვიცი…ამიტომ დავბრუნდი აქ, სადაც ყველაფერი მე მეკუთვნის. აი, დავჯდები და რაზეც მინდა იმაზე ვისაუბრებ… რაც მაწუხებს, რაც მიხარია, ყველაფერს შევინახავ. წლების შემდეგ, შეიძლება აღმოჩნდეს რომ ეს ყველაფერი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ზოგი რამ შეიძლება ვერ გავიხსენო რას მივუძღვენი და მერე გამოჩნდება რამდენად შევიცვალე მე. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ამბავი მთავარი ამბავია, რომელიც უნდა მოყვე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.