რატომ ვაფუჭებთ კაცებს?

რასაც ახლა დავწერ, შეიძლება არც ისე პოპულარული აზრი იყოს, მაგრამ მე, ბავშვობიდან, მიჩვეული ვარ უმცირესობაში ყოფნას. რასაც მე ვფიქრობ, ხშირად არის კრიტიკის საგანიც, დაცინვისაც და მოკლედ, ხშირად მომისმენია ჩემი მიმართულებით ნათქვამი სიტყვა: “რეტროგრადი”, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ის ვთქვა, რასაც მართლა ვფიქრობ.

საქმე ისაა, რომ ბოლო დროს, ბევრი მიზეზის გამო და რადიკალ ფემინისტების დახმარებით, გაჩნდა წარმოდგენა, რომ ქალები და კაცები, ერთნაირი არსებები არიან. აი თითქოს ხომ სამართლიანია, ქალი და კაცი, ერთნაირი უფლებებით,(რატომღაც მოვალეობები გამორჩებათ ხოლმე) და არავის პრეტენზია არ აქვს, ყველა კმაყოფილია. ამ საკითხზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ, facebook-ზე კამათის დროს, რომელსაც ახლა დეტალურად ვერ გავიხსენებ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა მითხრა: “მერე შენნაირები “რავნაპრავიეს” მოითხოვენო. მაშინ ვიგრძენი, ზუსტად, რომ იმდენად არაპოპულარული რაღაც ვთქვი, როცა კაცის სიძლიერეს შეეხო საქმე, რომ ვერც წარმოიდგინა ადამიანმა, რომ ვიღაცას შეიძლება არ უნდოდეს ეს ე.წ. “რავნაპრავიე.”

ჯერ ერთი, თუ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად სათქმელია, რომ გენდერული თანასწორობა სოციალური ტერმინია. სოციალურად ჩვენ თანაბარუფლებიანი ვართ. მე მაქვს უფლება სოციალურად ისეთივე აქტიური ვიყო, როგორც მამაკაცი; მქონდეს განათლება, ხმის უფლება, შემოსავლის საკუთარი წყარო. მოკლედ თანასწორები არ ვიქნებოდით, მე რომ ბანკში კრედიტს 5%ში მაძლევდნენ და მას 3%ში. რომ არ მქონდეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება ან რაღაც ასეთი, მაგრამ როდესაც საუბარია ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე, იქ საქმე ოდნავ სხვაგვარად არის.

იმ ფეისბუქ პოსტში, ზემოთ რომ ვახსენე, კაცი წუწუნებდა მორიგ არშემდგარ ურთიერთობაზე და ამ წუწუნში თვალნათლივ ჩანდა, რომ უბრალოდ ადამიანს სერიოზული აჯაფსანდალი აქვს თავში, ვერ გრძნობს საკუთარ ფუნქციას, რაზეც მე პირდაპირ ვთქვი რომ სისუსტეა. მერე გადავხედე და სულ უფრო იშვიათად მესმის, კაცებზე ამბები, რომლებიც მათ სიძლიერეზე მეტყველებს, სამაგიეროდ, სულ უფრო ხშირად მესმის სიტყვათშეთანხმება “ძლიერი ქალი.”

გასაგებია, რომ ადამიანი ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მიმართებაში ისედაც ძლიერი უნდა იყოს. ამას არავინ უარყოფს და ყოველთვის ვბრაზდები, როცა ადამიანი, ქალი იქნება თუ კაცი საკუთარ თავს უფლებას აძლევს დაღმა დაეშვას, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო ძლიერდებიან ქალები ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, განსაკუთრებით კი ურთიერთობების საკითხში, სულ უფრო სუსტდებიან მამაკაცები. საინტერესოა, რატომ?

მე ვფიქრობ, ქალებმა იმდენი რამ ავიღეთ საკუთარ თავზე, რომ კაცებს აღარ დარჩათ პასუხისმგებლობები, რომლებიც მათ აიძულებთ იმოქმედონ. რამდენი ოჯახია, რომელშიც ქალია შემომტანი, ყველაფერს ცდილობს, ორგან მუშაობს, მერე მოდის, ბავშვებს უვლის და ცოლის მოვალეობასაც ასრულებს და ამ დროს კაცი სად არის? მგონია, რომ კაცებს გაუჩნდათ რწმუნება, რომ ვიღაც მათ მაგივრად მოაგვარებს რაღაცას.

ერთი რამ გვავიწყდება ჩვენ, ევოლუციური თვალსაზრისით, მამაკაცი მომპოვებელია, დამცველია, დომინანტია, მას უნდა, რომ იყოს საჭირო.ეს სიტყვა დომინანტი ძალიან არ უყვართ დღევანდელ “პრადვინუტებს” მაგრამ ორი ღერი ანთროპოლოგია და ღერ-ნახევარი ისტორია მხოლოდ ამას მოწმობს. მოკლედ, კაცი დამცველი და მომპოვებელია-მეთქი და უცებ ეს კაცი ხედავს, რომ ქალი ყველა ფუნქციას თავადაც მშვენივრად ართმევს თავს, შეუძლია ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, იყოს ამოცანის დამსახავი, გადაწყვეტილების მიმღები, აღმსრულებელი, ლიდერი, მოკლედ რკინის ქალამნები ჩაიცვას და რა ხდება ამ დროს?
კაცი: აღარც ლიდერია, (დომინანტი მეცნიერების ენაზე), აღარც დამცველი, იმიტომ რომ დასაცავი აღარავინაა და შესაბამისად ფუნქცია გამოეცალა, ესე იგი გახდა არასაჭირო. აი რამდენჯერ მოგვისმენია ფრაზა: “რაში გვჭირდება კაცები?” “ერთი, ბავშვის გაჩენა არ შეიძლებოდა მაგათ გარეშე და ახლა ეგეც შეიძლება, წახვალ გადაიხდი ფულს და გაგიკეთებენ ხელოვნურ განაყოფიერებას, დედაც გახდები და ნერვებსაც არ მოიშლი” ეს უკანასკნელი მეც მითქვამს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მე ვგულისხმობ კაცებს, როგორებიც ისინი გახდნენ ახლა. თუ გინდა, რომ კაცი მოკლა, ფუნქცია უნდა წაართვა, ქალი კი ფუნქციას არასოდეს არ კარგავს, მაგალითად, პენსიაზე გასვლის შემდეგ, მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მცირდება, განსხვავებით ქალისგან, რომელსაც სახლშიც უამრავი ფუნქცია აქვს, ამაზე სხვათაშორის, საკმაოდ საინტერესო ლექცია მოვისმინე ადრე, როგორც მახსოვს ზურაბ მხეიძისგან, ამ ლექციაში იმაზეც იყო საუბარი, რა ცოტა რამ არის საჭირო იმისთვის, რომ იყო ქალი და რამდენ რამ არის საჭირო იმისთვის, რომ იყო კაცი, მაგრამ ამაზე მერე, ღალატზე როცა დავწერ, უფრო წვრილად გეტყვით. თემას რომ მივუბრუნდეთ, ფუნქციის დაკარგვამ კაცები უმოტივაციობამდე მიიყვანა, მაგრამ ამასთან ერთად, ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ მე თითქმის არ ვიცნობ ქალს, რომელიც ძლიერია, იმიტომ რომ ძალიან უნდა რკინის ცხენის როლი, რომელსაც ყველაფერს უძლებს და იტანს.

აქ იწყება მთავარი, წუწუნი იმაზე რომ დავიღალეთ, რომ კაცები არ არიან ვისთანაც შეიძლება ოდნავ მაინც მოეშვა, ეგ კი არა ურთიერთობის დასაწყის ეტაპზევე იმდენად სუსტები და დაუცველები არიან ხშირად, აქეთ მოგინდება დაიცვა, ქალებს კი, თუკი განსაკუთრებული შემთხვევები არ ვართ, არ გვიყვარდება ისინი, ვის მიმართაც სიბრალულის განცდა გვაქვს, შეიძლება სიყვარული გადაიქცეს სიბრალულად, მაგრამ პირიქით- არასოდეს. ამიტომ ისევ დაძაბულები, გადაღლილები, პირდაპირი გაგებით დატანჯულები, იმით რომ არავინ გვყავს ისეთი, ვისთანაც რაღაცას მაინც გავიზიარებთ, ვაგრძელებთ რკინის ქალამნების ტარებას, “საყრდენის არარსებობაზე” წუხილს. საიდან გვექნება საყრდენი, როდესაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს საყრდენი მაქსიმალურად მოგვერყია?

იმ ფეისბუქ პოსტში, ავტორი წერდა, რომ ურთიერთობა არ შედგა იმიტომ, რომ ქალს მამაკაცზე დიდი ხელფასი ჰქონდა და ამის ნიადაგზე დაეწყოთ კონფლიქტები. აი თუ გინდათ თავისუფლების მოედანზე სახალხოდ დამწვით კოცონზე, მაგრამ მგონია, რომ ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს. წარმოიდგინეთ, (ძნელი არ არის) რომ ქალი ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია და არ შეუძლია, მუშაობს მართლა ვირივით ინახავს ოჯახს, უვლის სახლს, ბავშვს და ფინანსურად დიდწილად მისი შესანახია ოჯახი, რა თქმა უნდა ის იქნება ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები, რაც კაცს აკომპლექსებს, ყოველთვის. ამიტომ, როცა ვამბობ რომ კაცს ქალზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, იმიტომ კი არა, რომ მილიონერზე გათხოვება მინდა და მე ვერ ვიშოვი ჩემით, ისევ იმიტომ რომ დაკომპლექსებული კაცი საშინელებაა და საგულისხმოა რომ ვინც მეკამათებოდა, ისიც კაცი იყო. ამასაც თავისი ახსნა აქვს, ვის არ უნდა ცხოვრება ისეთ რეალობაში, სადაც მინიმალური მოთხოვნებია საზოგადოების მხრიდან მის მიმართ? კაცები დღეს კომფორტის ზონაში არიან, რომელშიც ჩვენ, ქალებმა მოვაქციეთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იქიდან არ გამოვიდნენ, მერე კი ჩვენვე გვაწუხებს ის, რასაც ვიმკით.

2 thoughts on “რატომ ვაფუჭებთ კაცებს?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.