ამბავი კაცებისა

ყოველთვის ვცდილობ, მხოლოდ იმაზე ვისაუბრო, რაც ვიცი. ის რასაც ახლა მოვყვები, მთლიანად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. უკვე დიდი ხანია, უძილობა მჭირს და ამიტომ ინტერნეტში ბოდიალი ჩემთვის უცხო არ არის. ბლოგებით ადრეც ვიყავი დაინტერესებული და დაახლოებით ათი წლის წინ, თუკი ვინმე ბლოგერი იყო, საქართველოში, ყველა ზეპირად ვიცოდი. ამ პერიოდიდან, ერთი ძალიან კარგი მეგობარიც შემომრჩა, მაგრამ მასზე მერე მოგიყვებით. მოკლედ, გადავწყვიტე “ძველი გვარდიელები” გადამეთვალიერებინა. ბევრმა უკვე დაანება ბლოგინგს თავი, ზოგი იშვიათად, მაგრამ მაინც წერს, ჰოდა ერთ ასეთს წავაწყდი. ეს გოგო წერდა იმაზე, რომ კაცებისგან თავს დამცირებულად გრძნობდა რადგან ისინი თავს ქალად არ აგრძნობინებდნენ და არ გრძნობდა თავს სასურველად, მიუხედავად იმისა, რომ მასთან სექსი უნდოდათ. ამასთან ერთად, ისიც დაემთხვა, რომ დღეს ჩემს ერთ-ერთ ასეთ ოღრაშ თაყვანისმცემელს წირვა გამოვუყვანე და მოკლედ, მთელი დღეა კაცების ეს “ხამობა” (ამას სხვანაირად ვერ უწოდებ ადამიანი) ჩემთან აქტუალურია. პრობლემის აღსაწერად პირად დიალოგს გავიხსენებ. მე, უბრალოდ, დავსვი შეკითხვა: “კარგი, აი, გაგიგეთ კაცებს, სექსი თქვენთვის მთავარი ინსტინქტია და ეგ გამოძრავებთ დასაბამიდან, მაგრამ რას აკეთებ შენ იმისთვის რომ მიიღო ის რაც გინდა?”
პასუხი იყო ყოვლად გასაოცარი: “არაფერს, სურვილს გამოვხატავ” (გულწრფელობა დავუფასოთ ადამიანს) აქ ერთდროულად გრძნობ თავს დამცირებულადაც და ცოტა ირონიულადაც. ანუ რა გამოდის, ვინც ძალიან შეგვეხვეწება “ძმობაში” უარი არავის უნდა ვუთხრათ? და მერე მოდის დამუნათება, რომ “შენ მე არ გინდივარ”, “შენ რა ფრიგიდული ხარ?” “რა იყო ქორწინებას ელოდები?” ალბათ ხვდებით, ზემოთ ხსენებული დიალოგი არ არის პირველი შემთხვევა, ჩემთვის. რამდენადაც ადამიანის ფსიქოლოგიაში ვერკვევი, უნდა ვთქვა და შემდგომ თუ გინდათ სპეციალისტებთან გადაამოწმეთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რითაც მამაკაცები და ქალები განსხვავდებიან, არიან ის, რომ კაცებს არ გააჩნიათ დანაშაულის შეგრძნება, ქალებს კი პირიქით. მოკლედ, მამაკაცმა შეიძლება ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ემოციურ დონეზე იგი ვერასოდეს ხვდება რა დააშავა, ქალის ამბავი კი ისეა, რაც არ დაუშავებია იმაზეც შეუძლია იდარდოს. ამიტომ არის, რომ კაცებს უადვილდებათ ჩვენი “დამნაშავეებად” გამოყვანა ანუ, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, თავს გვაცოდებენ, ნამუსზე გვაგდებენ. ჰოდა, მოკლედ, ეს ფრაზებიც ამას ემსახურება, რომ ჩვენ თავი უხერხულად ვიგრძნოთ და დავთანხმდეთ მათ პირობებზე. ეს მხოლოდ სექსს არ ეხება, ზოგადად ასეთია ქალის და კაცის ფსიქოლოგია. რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ გამონაკლისი მხოლოდ წესს ადასტურებს.
ზემოთ ნახსენები დიალოგის ერთი მომენტი იყო მხეცი, ეს ჩემი ოღრაში ნამეტანი აქტიურობდა ამ საკითხში და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მეტი არც არაფერზე ლაპარაკობდა. როგორც კი პირდაპირ მივანიშნე იმაზე, რომ დორბლის ცისტერნების დაყენების მეტს არაფერს აკეთებდა გამომიცხადა ამაზე საინტერესო რა უნდა იყოსო. ანუ გამოდის, რომ შენ მე არ უნდა გაინტერესებდე, საერთოდ გაგებაში არ იყო ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, რა მინდა რა არა, რა მიხარია რა არა და მე შენს კმაყოფილებაზე ზრუნვისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო? გამოდის, რომ შენი მიზანი უხეშად რომ ვთქვა წნევის დაგდებაა და მე წნევის წამალს ნამდვილად არ ვგავარ. მე არ ვარ მანქანა, რომელსაც გასაღებს გადაატრიალებ თუ არა მზადაა გამოსაყენებლად. სწორედ ამ დამოკიდებულების გამოა, რომ ქალები თავს დამცირებულად გრძნობენ ხოლმე. მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც ვსაუბრობთ რა უნდა გააკეთოს კაცმა, ქალის მოსაპოვებლად, არ იგულისხმება ე.წ. “მეშჩანური” რაღაცები. უბრალოდ, თუ კაცები ქალში პირველ ეტაპზე სხეულს აღიქვამენ, ქალები კაცების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ვაფასებთ. აუცილებელი არაა ნიცშე ჰქონდეს წაკითხული, უბრალოდ მასთან ურთიერთობა საინტერესო უნდა იყოს. ამასთან ერთად წინა პოსტში როგორც ვახსენე, დაცულობის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანი ქალისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ არის სექსი. რისი ტვინიც ქართველ კაცებს სულ უფრო იშვიათად ჰყოფნით. იმდენად მიეჩვივნენ ადვილად ყველაფრის მიღებას, რომ ეგოისტურად არიან ჩაციკლული მხოლოდ თავის სურვილებზე და ის რომ მეორე ადამიანსაც აქვს მათთან მოთხოვნები დაავიწყდათ.

თუ ღმერთი გაგიწყრა და დაგითანხმეს რაღაცაზე, მერე იწყება მეორე უბედურება. რაც უნდა პრაგმატულად მიუდგე, მაინც ემოციურად დამოკიდებული ხდები, არ აქვს მნიშვნელობა ეს შეჩვევაა თუ სიყვარული, კაცები კი პირიქით არიან მოწყობილი. მათი ემოციური ტონუსი უფრო იკლებს და გრჩება ის, რაზეც დაშენდა ეს ურთიერთობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ფუნდამენტი რაც შეიძლება მყარი იყოს, მაგრამ იმას რაში ადარდებს ეგ ფუნდამენტი კაცო, წნევა აქვს დასაწევი. ამიტომ არის რომ არაფრით დაწყებული ურთიერთობების შემდეგ ხელში არაფერი გრჩება და ძირითადად ქალები ზარალდებიან ამით. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე და ჯერ ვერ დავადგინე რატომ იმეტებენ ხოლმე ქალები ასე საკუთარ თავს. მგონი, დროა, ვიცოდეთ ვისთან გვაქვს საქმე. როგორც ცნობილია- ვინც გაფრთხილებულია, ის შეირაღებულია. ჩემი აზრით, არ ღირს საკუთარი ფსიქიკის წვალების ხარჯზე ვისწავლოთ, როგორ არ უნდა დაიზარალო თავი. ამ შემთხვევაში, გულწრფელობა ყველაზე კარგი გამოსავალია. არ უნდა მოგერიდოს უთხრა ადამიანს, რა გჭირდება. მერე თვითონ გადაწყვეტს იმდენად მოსწონხარ რომ უღირს შენგამო თავის შეწუხება თუ უბრალოდ საკუთარი ფიზიოლოგიის მონაა და შემთხვევით მოხვდი ხელში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.