საახალწლო სურვილები

დღეს საშინელი ყინვაა და სახლიდან ვერ გავდივარ. რამდენიმე წლის წინ, ცხოვრებაში პირველად, უტრიკარიამ შემომიტია, აი, ჭინჭრის ციებას რომ ეძახიან. საქმე ისაა, რომ გამომწვევი მიზეზი ვერ დავადგინეთ, ახლა კი ხელახლა გამიმეორდა. ერთადერთი, რაც წინა და ახალ შემთხვევას აერთიანებს ეს არის ყინვა. როგორც მცოდნე მავანნი ამბობენ, სიცივე ერთ-ერთი გამომწვევი შეიძლება იყოს. მოკლედ, ამ დაავადებას თუ ავადმყოფობას, ანტიჰისტამინების და დექსამეტაზონის გადასხმით შველიან. მამიდაჩემი ექთანია, მოვიდა და გადამისხა რაც საჭირო იყო. ისიც მოგეხსენებათ, რომ ანტიჰისტამინებს ძილიანობა ახასიათებს. მგონი, ცხოვრებაში არ მიძინია ამდენი, რაც ამ ერთ კვირაში მეძინა. არადა, ბავშვობიდან უძილობით ვიტანჯები.

ახალი წელი მოდის და ასეთი არ მინდა შევხვდე, ჰოდა, იმედი მაქვს ყველაფერი გამივლის 31-მდე. ამ სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობ, პაწაწინა ნაძვისხე მაქვს, ტელევიზორის ნიშაზე რომ ეტევა იმხელა. თვითონ სახლიც პატარაა, ამიტომ დიდი ნაძვისხე არ დაეტეოდა. არადა ვგიჟდები დიდ და ლამაზ ნაძვისხეებზე, სათამაშოების არჩევაზე და ასეთ ამბებზე.

იმდენი რამის მოსწრება მინდოდა საახალწლოდ, მაგრამ ამ ალერგიამ არ დამაცადა. ახლა ვაანალიზებ, რომ რაც სწავლა დავამთავრე, ძალიან პასიური ცხოვრებით ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, პანდემიამაც შეუწყო ამას ხელი. აი, გუშინ, მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით და აღმოჩნდა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე, მასაც თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა. მოგზაურობა ხომ საერთოდ, ოცნებად იქცა. დედაჩემი ამბობს, ზაფხულში სტამბოლში წავიდეთო. იცის, როგორ მიყვარს ეს ქალაქი და ყველაფერი რაც თურქეთს უკავშირდება. ამასობაში, ერთმა ჩემმა მეგობარმა შვებულება აიღო და სად წავიდა აბა თუ გამოიცნობთ? რა თქმა უნდა სტამბოლში. მეც ავდექი და ვითომ მეც იქ ვარ ამბავში, აქედან ვკარნახობდი რა უნდა ენახა. ვეუბნებოდი რა უნდა ეჭამა და ბოლოს რომ ვუთხარი მე არ ვარ ნამყოფი-მეთქი, ძლივს დაიჯერა.

ისე, არ ვიცი, გქონიათ შემთხვევა, რომ ქალაქები ან ამბები, იმდენად კარგად იცით, რომ გგონიათ თქვენც იქ იყავით? მე ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა. აი სტამბოლზეც ესე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ორ კონტინენტზეა გადაჭიმული, მგონია, რომ არასოდეს დავიკარგები სტამბოლში. თითქოს ისიც ვიცი, როგორი სუნი დგას იქ. საქართველოში, ბევრჯერ მქონია შემთხვევა, თურქეთზე რომ ვიწყებ ლაპარაკს, ქსენოფობიურ განცხადებებს ვისმენ ხოლმე, ვიღაც იტყვის, ისტორიულად, მაგის ბევრი მიზეზი გვაქვსო, მაგრამ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა კულტურას, მაინტერესებს ისინი, მნიშვნელობა არ აქვს ქართულია, რუსული, თურქული თუ იაპონური. ჰოდა, იმ ჩემს მეგობარს რომ ველაპარაკებოდი, თითქოს ვხედავდი სად იყო და რას ნახულობდა. ხანდახან ისე მინდა ხოლმე წინა სამოგზაურო ალიაქოთი მქონდეს, ჩანთაში ვყრიდე ტანსაცმელს, ვნერვიულობდე, პასპორტი არ დამრჩეს, გამწარებული ვპოსტავდე facebook-ზე ამატანინებენ თუ არა თვითმფრინავში რაღაცას, ჩეკინს ვამოწმებდე, აეროპორტში დაგვიანების მეშინოდეს, გეითს ვეძებდე გაფაციცებული, რომ არ ამერიოს. როცა ეს მომენტი მართლა გიდგას, თითქოს სანერვიულოა, მაგრამ ახლა ძალიან მენატრება ეს ყველაფერი. ჰოდა, იმედი მაქვს, 2022-ში ერთხელ მაინც მექნება ეს ამბავი.

ორი წელია, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება ამის ბრალია, მაგრამ ძალიან მომბეზრდა და მინდა ახალი წლიდან ცოტა გავაქტიურდე, გავხალისდე. მოგზაურობა კი ყველაზე მეტად მინდა. მე არ ვარ ისეთი ოჯახიდან, რომ ხშირად ვახერხებდე მოგზაურობას, მაგრამ სტამბოლზე დიდი ხანია ვფიქრობ და 2022-ში ნამდვილად მინდა რომ ეს გეგმა შევასრულო. ამისწინ, სადღაც დავწერე სტამბოლში მინდა-მეთქი წასვლა და ისეთი ამბავი ატყდა, გავოგნდი. ხალხი შიმშილით კვდება და ზოგს ემოგზაურებაო. მე მგონი, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, იმისთვის რომ ზოგჯერ მაინც, კარგად არ ვიყოთ. ამიტომ, ყველას აქვს უფლება გააკეთოს ის, რაც გულით უნდა და ამის გამო მისი განსჯა არ მგონია სწორი. 2022-ში, ყველას მინიმუმ ერთი ისეთი ოცნების ან გეგმის შესრულებას გისურვებთ, რომელიც დიდხანს გინდოდათ და ბედნიერს გაგხდით. პ.ს. ახალ წელს, უნდა თოვდეს 💕

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.