მატრიარქატის შურისძიება

მე რომ ამერიკული სერიალები მიყვარს, ნაცნობმა ყველამ იცის. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია Sex and The City. მახსოვს, პირველად რომ ვუყურე, მისტერ ბიგზე შევიშალე ჭკუიდან. მერე მახსოვს, სადღაც წავიკითხე, წიგნის ავტორისთვის უკითხავთ, ბიგი რა სახელიაო და ამ ქალს გენიალური პასუხი ჰქონდა, რამაც აღმომაჩენინა, თუ რა არის მთავარი, რაც ამ ტიპის კაცებში მომწონს. ქენდის ბუშნელი ამბობს, რომ არსებობენ კაცები, რომლებიც როგორც კი ოთახში შემოდიან, ხვდები რომ ვიღაც ძალიან დიდი მოვიდა. ერთი სიტყვით, ატმოსფერო იცვლება, ამიტომ ჰქვია მის ტერ ბიგს Mr. Big. ამ ჩემი ნაქები კაცის როლს, მსახიობი ქრის ნოთი თამაშობს და როგორც შერყეულ ფანატკას შეეფერება გავშლეგდი და ყველაფერს ვუყურე სადაც კი უთამაშია. მოკლედ, კრის ნოთის ქებით პირი ან კლავიატურა რომ არ გამიცვდეს, საქმეზე გადავალ.

ამ ბოლო ათ წელიწადში, ლიბერალურ ჰოლივუდში მომძლავრდა ფემინისტური მოძრაობა ე.წ. me too კამპანია. ეს კამპანია გულისხმობს, ძალადობის მსხვერპლების მხრიდან ღია საუბარს ძალადობის ფაქტისა და მოძალადეების შესახებ. ეს კამპანია, თავისი საწყისით, საკმაოდ კეთილშობილური იყო. მეც მგონია, რომ ძალადობა ისეთი ფაქტია, რომელზეც ქალებმა აუცილებლად უნდა ილაპარაკონ და არ უნდა ეშინოდეთ გაკიცხვის. საქართველოში მითუმეტეს, სადაც ქალის ღირსება უფრო ადვილი შესალახია… ამაზე ყოველთვის “გლახის ნაამბობი” მახსენდება:

“ქალი ჟინის საკლავად არის კარგი და არა ზურგზედ ასაკიდად“, – ასე მიაჩნდა დათიკოს, თუმცა გაბროსთვის არ დაუშლია თამროზე ჯვრისწერა – „მზითევი და შენი დაბინავება ჩემი კისერი იყოს“.

“გლახის ნაამბობში” ჩემთვის, ყველაზე საინტერესო ერთი პასაჟია:

„მე ის თამრო აღარა ვარ. მე ეხლა ავლაბრის უნამუსო ვარ, შემიბრალე და დამიტირე მე ბედშავი!“ ეს პასაჟი იმითაა საინტერესო, რომ ნათლად ასახავს, ქალის შინაგან მდგომარეობას ძალადობის შემდეგ. ახლა არავინ მითხრას, “პირველი ღამის უფლება” (jus primae noctis) წესი იყო ასეთიო. ესეც ჩვეულებრივი ძალადობაა და ქალის განცდა, რომ რაღაც დააშავა და უნდა აპატიონ, რომ მისი ბრალია რაც მოხდა და რომ ის ახლა მრუშია, ჩვენი ბრალია, საზოგადოების.

როგორც ყველაფერს, ამ ამბავსაც აქვს ერთი მაგრამ… ახლა შეიძლება მკითხოთ, რა შუაშია ამერიკული სერიალი და ილია ჭავჭავაძეო…. მაგრამ სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

რამდენიმე დღის წინ, ლიბერალური სამყარო კიდევ ერთხელ აახმაურა კრის ნოთის მიმართ, ოთხი ქალის მხრიდან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებამ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ სარა ჯესიკა პარკერმა და სინტია ნიქსონმა, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ ამ კაცთან, ისე რომ არც დაელოდნენ სიტუაციის გარკვევას, სოლიდარობა გამოუცხადეს ამ ქალებს. სერიალის სიქველიდან ნოთის სცენები ამოჭრა კინოსტუდიამ. აი თითქოს არაფერი, მაგრამ როგორ უნდა დაამტკიცო ოცი-ოცდაათი წლის წინ მართლა მოხდა თუ არა ეს ფაქტი? ჩემთვის საეჭვოა. ამას რომ ვკითხულობდი, გამახსენდა ყველა, ვინც კი me too-კამპანიას ემსხვერპლა, ქევინ სპეისი, ჰარვი ვაინშტაინი, უფრო ადრე რომან პოლანსკი და სხვები. (თუმცა პოლანსკის და ვუდი ალენის შემთხვევაში უფრო ნათელი იყო სურათი) მე მგონია, რომ სამყარო, რომელშიც ძალადობა ერთგვარი ტაბუ იყო, ერთსულოვნად გადაირია და ყველა ერთად განიკურნა ამნეზიისგან… ადრე თუ საერთოდ არ საუბრობდნენ ამაზე, ახლა ტყუილს და მართალს ვეღარ გაარჩევ. ადრე თუ მთელი ზეწოლა ქალზე მოდიოდა ახლა საკმარისია დააცემინოს კაცმა შენს გვერდით და შეგიძლია რაც მოგესურვება ის დააბრალო…

ამას ვეძახი მატრიარქატის შურისძიებას და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ, რომ me too-ის ძმობილია იგივე ლიბერალური წარმონაქმნი, cancel culture, რომელიც უკვე იარაღად გადაიქცა ლიბერალების ხელში. საქმე ისაა, რომ მეშინია ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო არ გახდეს…

“აჰ, იმან, სექსი შემომთავაზა, აღარ უყუროთ მაგის ფილმებს;” “აჰ, იმან დაჟინებით შემომხედა” აღარ გამოუშვათ მისი წიგნები..” აქ იმაზე კი არაა საუბარი, რომ მოძალადე არ უნდა დაისაჯოს, პირიქით, მეთვითონაც ვყოფილვარ ძალადობის შემსწრეც და საკუთარ თავზეც გამომიცდია, როგორია როცა ადამიანი შენი ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს თავისი ეგოს დაკმაყოფილებას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ტყუილ-მართალი აირია ერთმანეთში. ვეღარ გაიგებ ვინ მართლა დამნაშავეა და ვინ-არა. ვფიქრობ, რომ ძალიან მკრთალი ზღვარია დამნაშავის დასჯასა და ადამიანის “გაფუჭებას”შორის ამ შემთხვევაში. როგორც ერთი კარგი კაცი იტყოდა, ვის გაუგია ჯერ კაცი დააპატიმრო და მერე ეძიო მისი დანაშაული..?

როგორც ყველაფერში, რაც სიკეთის სახელით იქმნება აქაც მოქმედებს ფრაზა, რომელიც ამბობს, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი საქმეებით არის მოკირწყლული. მე მგონია, რომ ლიბერალიზმის წიაღში, მატრიარქატი ისე გამოიწრთო, რომ დიდი ხნის წინ გაიმარჯვა უკვე და ღია კარის მტვრევამ შეიძლება დიდი სიმახინჯე შვას, როგორც ეს უკვე მომხდარა ხოლმე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.