მიგელ დე უნამუნო “აბელ სანჩესი” ბიბლიური კონტექსტით( ფრთხილად, სპოილერებია )

                   მიგელ დე უნამუნოს რომანი „აბელ სანჩესი“ ანუ ერთი ვნების ისტორია“ მთლიანად ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული. რომანში მოთხრობილია ორი ბავშვობის მეგობრის ამბავი, რომლებიც თავიდანვე ბიბლიურ ძმებს, აბელსა და კაენს მოგვაგონებენ, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთ მთავარ გმირს (შემდგომ კი მის ვაჟსაც ) აბელი ჰქვია.

            რომანი დატვირთულია  საპირისპირო ცნებათა ჭიდილით: მეცნიერება როგორც სამყაროს შეცნობისა და შეცვლის რაციონალური გზა და ხელოვნება, როგორც შემოქმედება და ამ შემოქმედებით ჭეშმარიტების წვდომის სურვილი; სიყვარული და სიძულვილი, რაც ადამიანთაშორის ურთიერთობის მთავარი ქვაკუთხედია და რელიგია და რაციონალური მიდგომა სამყაროს მიმართ რომელიც მუდამ ცდილობს  აუხსნელი და გამოუთქმელი მიწიერი ფაქტებით ახსნას.  ამ რომანში ყველა ეს შეპირისპირება ძალიან საინტერესოდ და მძაფრად არის გადმოცემული.

            ყველაზე მეტად რომანში  იმ კითხვაზე ჭირს პასუხის გაცემა, თუ რას ემსახურებოდა მთავარი გმირის ის დანაშაული, რომელსაც იგი ამ რომანში სჩადის.  დასაწყისში ნათლადაა მოყვანილი ფაქტები გმირების ბავშვობიდან და ნაჩვენებია, თუ როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისაგან. იქ ნათქვამია, რომ ხოაკინი მუდამ ცდილობდა აბელი დაეჩრდილა და ის ადგილი დაეკავებინა, რომელიც აბელს ეკუთვნოდა ჯერ კიდევ ბავშვობის დროინდელ სამეგობროში.[1]  აქედან გასაგები ხდება თუ საიდან იღებს სათავეს  ხოაკინის ეს საშინელი ეჭვიანობა და შური აბელის მიმართ, რომელმაც შემდგომ იმ შედეგებამდე მიიყვანა რითაც რომანი მთავრდება.

            უნდა ითქვას, რომ რომანის დიდი ნაწილი ეთმობა ხოაკინის განცდებსა და შინაგან სამყაროს, დიდი ნაწილი თხრობისა, სწორედ ხოაკინის პერსპექტივიდანაა გადმოცემული და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მთავარი მოქმედი გმირი სწორედ ხოაკინია, მიუხედავად იმისა, რომ რომანს „აბელ სანჩესი“ ჰქვია.          სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ხდებოდა მთავარი გმირის გონებაში მაშინ, როცა ის თავის მთავარ დანაშაულს სჩადიოდა, გავიგოთ მისი მოტივები და მისი თვალთახედვით შევხედოთ მოვლენებს.

            უნდა ითქვას, რომ ხოაკინის შინაგანი დანაკლისი, რომ თითქოს მას ხალხის მხრიდან სიყვარული და აღიარება აკლდა  რომანის იმ ნაწილში, როდესაც ავტორი  მესამე პირის საშუალებით გვიჩვენებს ოდნავ გაზვიადებულად გვეჩვენება. მაგალითი ბევრია, თუნდაც ის,  როგორ ექცეოდა მას თავად  აბელი. ამისათვის აბელისა და ელენას დიალოგიც შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც ელენა ქმარს პირდაპირ ეუბნება, რომ ხოაკინს მისი შურს და რომ იგი ფარისეველია, რომელის ნდობაც არაფრით არ შეიძლება, ხოლო აბელს ამის გაგონებაც არ უნდა. [2]

            ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ თუ რას ფიქრობდა სინამდვილეში აბელი  თავის ბავშვობის მეგობარზე მაგრამ ავტორი, საკმაოდ ღრმად გვახედებს  ხოაკინის განცდებში, სადაც ნამდვილი ჯოჯოხეთია.  ხოაკინს თავისი შური აბელის მიმართ  ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, თუმცა  როდესაც  ამ ყველაფერს ხოაკინის პერსპექტივიდან ვხედავთ, შედარებით გასაგები ხდება, თუ როგორ აღიქვამს ის აბელის თითოეულ მოქმედებას და გარკვეულწილად შეგვიძლია თანაგანცდითაც განვეწყოთ მის მიმართ.

            ზრდასრულ ასაკში, ბავშვობისდროინდელ შურსა და  სიძულვილს ის ფაქტი აღვიძებს, რომ აბელი ელენაზე ქორწინდება, რომელიც ხოაკინის ბიძაშვილი და მისი ერთადერთი სიყვარულია. ელენა საინტერესო პერსონაჟია იმდენად, რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობაში ჩასახული მტრობის კატალიზატორია  აბელისა და ხოაკინისათვის. ამბიციური ქალი, რომელიც ყოველ თავის სიტყვასა თუ მოქმედებაში  ნებით ან უნებლიედ კიდევ უფრო აღრმავებს  მეგობრებს შორის არსებულ ფარულ  უფსკრულს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ხოაკინმა გააცნო[3] ელენა და აბელი ერთმანეთს და ისინი მალევე დაინიშნნენ  რასაც გულის სიღრმეში ხოაკინი აბელის მხრიდან ღალატად თვლის და ალბათ ლოგიკურიც იქნებოდა, რადგან აბელმა იცოდა მეგობრის გრძნობების შესახებ ამ ქალის მიმართ, მაგრამ რადგან აბელი ერთ-ერთი დიალოგის დროს ამბობს, რომ ელენამ თავად მოხიბლა ის და ჩვენ ჯერჯერობით არანაირი საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი არგუმენტი არ გვაქვს, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ელენამ, რომელსაც დიდად გულზე არ ეხატებოდა ბიძაშვილი და  მისი შეყვარება ყოვლად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა  თავად გაუწია ჯიბრი აბეზარ თაყვანისმცემელს და ამისთვის მისივე ბავშვობის მეგობარი გამოიყენა? ელენამ ხომ იცოდა, რომ ხოაკინისთვის ეს მომაკვდინებელი დარტყმა იქნებოდა. ამის გათვალისწინებით ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით რამდენად სწორად აფასებს ხოაკინი ამ  ამბავს და ისიც გასათვალისწინებელია, რომ  თავის „აღსარებაში“, რომელსაც ის თავისი შვილისთვის წერს ამბობს,რომ  ელენაზე არ ბრაზდება  რადგან უყვარს ხოლო აბელი კი სწორედ ამის შემდეგ შეიძულა საბოლოოდ.

განაგრძე