როდესაც ვინმე ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქოზე” საუბრობს პირველი ყველას ოიდიპოსის კომპლექსი ახსენდება. რატომაც არა, ახალგაზრდა კაცი დედის სახელით კლავს ქალებს, რომლებიც მას იზიდავს. მოკლედ, მშრალი სიუჟეტით თითქოს მართლაც ოიდიპოსის კომპლექსთან გვაქვს საქმე მხოლოდ.
საერთოდ ხელოვნებაში ოიდიპოსი კარგად იყიდება. ვიტოვებ უფლებას, ეს ერთგვარ მარკეტინგულ გათვლად ჩავთვალო, მითუმეტეს, რომ “ფსიქო” ჰიჩკოკის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ფილმია. ამიტომ თქვენ აქ ვერ ნახავთ ისეთ ძვირადღირებულ მსახიობებს როგორებიც მაგალითად “თავბრუსხვევაში” თამაშობენ.
რეალურად საქმე ადამიანის ორბუნებოვნებასთან გვაქვს. მარიონი სამსახურიდან ორმოციათას დოლარ ნაღდ ფულს იპარავს, რათა თავისი განქორწინებული საყვარლის ალიმენტი დაფაროს. რასაკვირველია ქურდობა დანაშაულია, მაგრამ ჰიჩისთვის მარიონი ერთგვარად უდანაშაულო დამნაშავეა, რადგან მან ეს სიყვარულის გამო გააკეთა. ამავდროულად ფილმში სასპენსის ანუ დაძაბულობის მომენტი ძალიან დოზირებულად შემოდის ჯერ მუსიკის, შემდგომ კი პარანოიკი მანქანის გამყიდველის სახით, რომლისგანაც მარიონი ნაღდი ფულით ყიდულობს მანქანას.
პერსონაჟის დაძაბულობა მაყურებელზეც გადადის, მაგრამ რეალურად ყველაფერი წინ არის. ნორმან ბეიტსი მინი სასტუმროს მეპატრონეა, რომელშიც მარიონი ღამის გასათევად ჩერდება. თქვენ აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ როგორი დახვეწილი მანერები აქვს მამაკაცს და იმასაც შეამჩნევთ, რომ მას მარიონი ძალიან მოსწონს.
ჰიჩი ფილმის განმავლობაში ძალიან ხშირად იყენებს სარკეების ეფექტს, რომლითაც მიგვანიშნებს, პერსონაჟების ორბუნებოვნებაზე. ეს ყველაზე ნათლად სწორედ ნორმან ბეიტსის მაგალითზე ჩანს. ის რეალურად ორ “მეს” შორის არის გახლეჩილი. ერთი ის ადამიანია, რომელიც მარიონს ესაუბრება და მის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს, მის მეორე “მეს” კი მთლიანად დედის აჩრდილი მართავს.
რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვნად ფსიქიკურ გარღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ შეიძლება თუ არა, დამნაშავედ ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც საკუთარ საქციელს ვერ აკონტროლებს? ნორმანს დედამისი სძულს, სწორედ მან მოკლა ის როცა შეიტყო, რომ ქალმა სხვა კაცთან გადაწყვიტა ურთიერთობა. სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ უნდა მომხდარიყო მის ფსიქიკაში გარდატეხა. მიუხედავად სიძულვილისა, ის ვერ ცილდება დედის აჩრდილს და დანაშაულის შეგრძნების გამო მისი გავლენის ქვეშ ექცევა. მისი ცნობიერი ორნაწილადაა გაყოფილი. მეორე ნაწილი მუდმივი დანაშაულის შეგრძნებით ატერორებს მას.
ის ხოცავს გოგონებს რომლებიც იზიდავს დედის სახელით და როდესაც გონს მოდის ცდილობს დანაშაული დაფაროს. ამ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ დედა ნორმანისთვის ალიბი არ არის, ის მართლა გაორებული ფსიქიკის პირობებში არსებობს და ამას ბოლო კადრიც მოწმობს, როდესაც ნორმანი საბოლოოდ კარგავს კონტროლს საკუთარ ცნობიერზე და აბსოლუტურად გადადის დედამისის ცნობიერში.