ჯუმპა ლაჰირი- საზღვარი

Jhumpa Lahiri Rome Italy 2013

დილამშვიდობის. ბოლო პერიოდია, ალბათ ისე როგორც ყველას, ძალიან დიდი დრო მომეცა საფიქრად.  ვზივარ აქ, სახლში გამომწყვდეული. თან იმ სახლში, რომლისგან თავის დაღწევასაც რვა წელი და არაადამიანური შრომა დასჭირდა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ ჩამომიყვანეს და დამაპატიმრეს, თან არ ვიცი ეს ამბავი როდის დამთავრდება. ამ ფიქრში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და  ახლობელი აღმოჩნდა ჯუმპა ლაჰირის “საზღვარი.” ალბათ ქვეყანაზე კაცი არ დადის ჩემზე უკეთ რომ ესმოდეს ამ პერსონაჟებისა.

ქალაქში გავიზარდე თერთმეტ წლამდე, მერე ისეთი რამ მოხდა, რასაც აქ ვერ მოვყვები, მაგრამ რაიონში მომიწია გადასვლა საცხოვრებლად და ჩემთვის ეს ორმაგ ტრაგედიაზე უფრო უარესი იყო.  ჰოდა, ლაჰირის პერსონაჟს ვინ გაუგებს ჩემზე უკეთ… ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი რომ კახეთი კარგია, რომ თბილი ხალხია…

თბილი თქვენთვის არის, ერთი კვირით სადაც არ უნდა ჩახვიდე, ყველგან თბილია.  როგორც კი საცხოვრებლად ჩამოხვალ მაშინვე იგრძნობ როგორი მარწუხებით გექაჩება აქაურობა. მაგალითად თელავში არ არის კინოთეატრი. მე როცა აქ ვცხოვრობდი, თეატრშიც იშვიათად იდგმებოდა წარმოდგენები. არ არის ადგილი ნადიკვრის გარდა, სადაც შეგიძლია წახვიდე და თვალს წყალი დაალევინო.  როცა “საზღვარს” ვკითხულობდი მეგონა, რომ ჩემი თავი მესაუბრებოდა, ხუთი წლის წინ აქ რომ დავტოვე და კოშმარული სიზმარივით რომ გავექეცი. როგორც ჩემი უფროსი მეგობარი კახა ბაკურაძე იტყოდა, სადაც არა ხარ, იქა ჯობია.

რასაც ლაჰირი წერს,  ჩემთვის იმდენად ორგანული განცდებია, სათითაო სიტყვაზე ხელს ვაწერ. ადამიანებს ყოველთვის იქ გვგონია ბედნიერება სადაც არ ვართ, მაგრამ როგორც კი იმ სივრცის ნაწილი ვხდებით, რომელსაც ამდენიხანი ვეძალებოდით, ვხვდებით რომ ყველაფერი ისევ სტატიკური ხდება და კიდევ ახალი გვინდა.  ქალაქიდან სოფელში, სოფლიდან, ქალაქში…. სადაც არ უნდა წახვიდე ყოველდღიურობა ნებისმიერ ესთეტიკას ჭამს. აი, საბერძნეთში რომ ჩავედი და იქაური ქართველებისგან რომ მოვისმინე, 30 წელი ათენში რომ ცხოვრობენ და აკროპოლისი  არ უნახავთ, მაშინ მართლა გამიკვირდა, მაგრამ როცა რაღაც ცხვირწინ გიდევს,  ყოველდღიურობა იმდენად გითრევს, რომ ვეღარ ამჩნევ მის ვეღარც სილამაზეს და ვეღარც განსაკუთრებულობას.

ტრამვაი ფეისბუქზე

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.