შიშების ქალაქი

გახსოვთ ლურჯწვერას ამბავი? ჩვენ ყველა, ლურჯწვერას სასახლეში ვცხოვრობთ, სადაც შიშია მთავარი შეგრძნება… ამ შიშებით ვკვებავთ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც.

შიში ბევრნაირი არსებობს. შიში, რომელიც გიმონებს და ხელ-ფეხს გიბორკავს, შიში, რომელიც რაციონალურ გონს გიბინდავს და შეცდომებს გაშვებინებს, შიში, რომელიც გაიძულებს იმოქმედო, ამ შიშის საწინააღმდეგოდ. ნებისმიერი შიში, რომელიც საზღვარს სცდება, რომელიც მთელ შენს არსებას იმონებს უკვე გცვლის, როგორც ადამიანს.

ჩვენ ყველას გვეშინია. ყველას გვეშინია ტკივილების, ადამიანების დაკარგვის, წარსულის, მომავლის, ზოგჯერ უკვე მოქმედებისაც გვეშინია, იმის გამო, რაც შეიძლება ამ მოქმედებას მოყვეს. მეც მეშინია, მაგრამ ვცდილობ ეს შიში კეთილად გამოვიყენო. “დავაზღვიო” ჩემი შიშები. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელიც მეხმარება გავუმკლავდე ყველაფერს.

უცნაური თვისება მაქვს, ადამიანებთან მიმართებაში ზუსტად ისეთივე მომთხოვნი ვარ, როგორც საკუთარი თავის მიმართ. ერთი ეგ არის, ქირურგიული ჩარევების მომხრე არავარ და არავის შეცვლას არ ვცდილობ, უბრალოდ დამკვირვებელი ვარ, მკაცრი დამკვირვებელი. როცა ადამიანებში დაუძლეველ შიშებს ვგრძნობ, რომლებიც ცხოვრებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.

ამბობენ, ცოდვა გამხელილი ჯობიაო. ზოგიერთი ადამიანისთვის, ხშირად შემიმჩნევია, გაურკვევლობით გამოწვეული სიძულვილი ჩემ მიმართ. ხუმრობის დონეზე, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ “დავუსტვინე” მაგრამ მერე მახსენდება, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჰარი პოტერი, რომელსაც პროფესორი ლუპინი ეუბნება, რომ საკმაოდ ჭკვიანურია, შენ ხომ შიშისა გეშინიაო…

სინამდვილეში, მთელი ჩემი ცხოვრება იმას ემსახურება, რომ გავაღწიო ამ ლურჯწვერას სასახლიდან. აღარ ვკვებო ის ჩემი შიშებით. არ მეშინოდეს იმდენად, რომ სხვის ხელში იარაღად გადავიქცე და შიშების ჭურჭელი არ გავხდე.

ჩვევა მაქვს ასეთი, ვინმემ მასწავლა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც თავი მახსოვს, ყველაფერს, რაც სხვაში არ მომწონს, სწორედ საკუთარ თავში ვეძებ და ვებრძვი. განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც როგორც იქნა, შევიგნე, რომ სხვა ადამიანის შეცვლაზე ფიქრი, სისულელეა. თუ ვინმე შენი გავლენით იცვლება, ეს ყოველთვის თავისთავად ხდება, იმის გამო, რომ ამ ადამიანში უკვე არსებობს ცვლილების პოტენციალი. ჰოდა, მგონი ამ ჩემი თვისების ბრალია, რომ ასეთად ჩამოვყალიბდი. მუდმივად მინდა და ვცდილობ ამ შიშების ქალაქიდან გაქცევას. ვცდილობ ყველა შიში დავიმორჩილო, იმის იმედით, რომ თუ დღეს მე მოვიპოვებ სიმშვიდეს და შიშებისგან გავთავისუფლდები, დავიმორჩილებ მათ, ხვალ სხვაც ასე იქნება. ოდესმე გავალ ქუჩაში და დამშვიდებულ ადამიანებს დავინახავ. ოდესმე ყველა გათავისუფლდება, შიშით ხომ თავისუფლებას ვერ მოიპოვებ ადამიანი. ზოგჯერ, შეიძლება თავისუფალიც იყო, მაგრამ ვერ გაიგო ეს, იმდენად გეშინოდეს ნაბიჯის გადადგმის.

ეს მგონია ცხოვრების მთავარი არსი, რომ საკუთარი თავი გამოაწრთო. მიუხედავად იმისა, რა კატასტროფაც არ უნდა მოხდეს, მაინც უნდა გიყვარდეს ცხოვრება, მე ასე მგონია. როგორც ერთმა კაცმა თქვა, თუ გეშინია, თუ ვერ უძლებ, მაშინ დაჯექი და მოკვდი. შეიძლება ზედმეტი მომდის და როგორც ქვესტს ისე ვუყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ პრანჭვა არასოდეს გამომდიოდა, ასეთი ვარ და ვეღარაფერს შევცვლი.

ოდესმე გავალ ამ შიშის ქალაქიდან და სიმშვიდეში ვიცხოვრებ. ოდესმე შიშისგან გაფართოებული თვალების დანახვა აღარ მომიწევს ქუჩაში. ოდესმე დავაღწევ თავს ამ ლურჯწვერას, ჩემი შიშებით რომ იკვებება. ოდესმე ვიპოვი იმ ბალანსს, რომელსაც ვეძებ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.