კერუაკის გზაზე თავისუფლების კვალდაკვალ

დილის ცხრა საათზე ჯეკ კერუაკი რომ გაგახსენდება ალბათ რაღაცას ნიშნავს. ოდესმე თუკი ახალგაზრდა ყოფილხარ, აუცილებლად გიოცნებია მეგობრებთან ერთად დაგექოქა მანქანა და გადგომოდი გზას. ჰოდა აი ასე, კერუაკის გზაზეც, სალ პარადაისი და დინ მორიარტი რწყილისა და ჭიანჭველას მსგავსად გაუდგნენ გზას და დიდი თავგადასავლებიც დაიწყო.

Image result for jack kerouac on the road

კერუაკის “გზაზე” ბიტნიკების თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომანია. როგორც ყველა მოგზაურობის შემთხვევაში აქაც თავგადასავალია მთავარი. თავისუფალი სექსისა და გართობის ძიებაში მეგობრები ამერიკის გრძელ ქუჩებს მიუყვებიან და მათი ერთადერთი ქონება მანქანაა. მეგობრების თავგადასავალი ვითარდება, ზოგჯერ ერთად ზოგჯერ კი ცალ-ცალკე და ისინი ამერიკის გრძელ საავტომობილო გზებზე ახალ ადამიანებს ხვდებიან.

კერუაკის ამ რომანში თითოეულ გმირს თავისი რეალური პროტოტიპი ჰყავს. სალ პარადაისი თავად ჯეკ კერუაკის პერსონაჟია. დინ მორიარტი ნილ კესიდის პროტოტიპია. ბიჭების მეგობარი, ბებერი ხარი ლის უკან უილიამ ბეროუზი იგულისხმება. სხვათაშორის, ბიჭების მეგობარი კარლო მარქსიც არ უნდა დაგვავიწყდეს ბოლოსდაბოლოს ისეთი სახელი ქვია, უკვე იმსახურებს ყურადღებას. კითხვის დროს ბევრჯერ ვიცინე და ბევრჯერაც ტუჩი მოვიკვნიტე იმაზე ფიქრში რამდენად ძვირფასია ადამიანისთვის თავისუფლება როდესაც ის არ გაქვს.

საქართველოში ამგვარი რომანის დაწერა საკმაოდ რთული იქნებოდა. ერთი იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი გაშლილი სივრცე, როგორც ამერიკაშია. დაადო თავი და უმისამართოდ გაუდგე გზას, არ გამოვა. მეორე კი იმიტომ, რომ ჩვენებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს სახლიდან წასვლა და ისიც ნახევრად. დედიკომ და მამიკომ სწავლისა და ბინის ფული გადამიხადოს და მე ამ ფულებით ვეზიარო სრულ თავისუფლებას, ფრიად ინფანტილური აზრია.

როდესაც ბიტნიკების თაობაზე ვსაუბრობ ან ვფიქრობ ხოლმე, მუდამ მახსენდება იქვე 1968 წელი, რომელიც სხვათა შორის, ნაკიანი წელიწადია და ნაკიან წელიწადს კი კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს. შორეულ 1968 წელს ჩემხელა გოგო-ბიჭებს მოთმინება ამოეწურათ და გზას გაუდგნენ. მზიანი ამერიკის ცისქვეშეთში თუ ისეთი ადამიანები დააბიჯებენ როგორებიც დინ მორიარტი და სალ პარადაისი არიან. შემდეგ უკვე ჯენის ჯოპლინი, პატი სმიტი, ფოტოგრაფი რობერტ მაბლდროფი…. ეს ამბები მხოლოდ თავისუფლებაზეც არ არის, ეს არის დიდი სიყვარულის, მეგობრობისა და მუდმივი ბრძოლის ამბები, საკუთარი თავის საძიებლად. ბრძოლა, რომელიც სხვისი კი არა საკუთარი თავის მიმართაა მიმართული და მხოლოდ კეთილი მიზნებით, მგონია რომ იმსახურებს აღიარებას.

მერე, კიდევ მოგიყვებით ამბებს. უბრალოდ ბავშვებზე, რომელიც ერთმა კარგმა გოგომ აღმომაჩენინა ისე, რომ მგონი თავადაც არ იცის. დიდი სიყვარულის ამბებს, იმ მზის ქვეშეთში, სადაც ყოველ დღე, დილით, ჩემს წილ ცხელ ყავასა და სიგარეტს მშვიდად მივირთმევ და ვიღაც, სადღაც ჩემს წილ გზას გადის სანამ ჩემივე წილი ყავით უსუსურობის ჩახშობას ვცდილობ.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.